• ტექსტის ქვე-გვერდი

      • მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია

        1. შპს დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“(შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სკოლაში ადაპტაციას და გააადვილოს სასკოლო პროცესში პირველკლასელთა და მობილობის წესით გადმოსული მოსწავლეების ჩართულობა. ამასთან, აღნიშნული წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, რომელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას ართულებს ენობრივი ბარიერის არსებობა.
        2. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია განსაზღვროს სკოლის მიერ, მისი მიზნებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის მექანიზმები და მათი განხორციელების პროცედურები.
        3. აღნიშნული დოკუმენტის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე.

         

        მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

        2.1 წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განიმარტება სკოლის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

        2.2 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

        ა) ადაპტაცია -  მოსწავლის უნარი, შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;

        ბ) დეზადაპტაცია - მდგომაროება, როდესაც მოსწავლე ვერ ეგუება სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ვერ ამყარებს წარმატებულ კომუნიკაციას სასკოლო საზოგადოებასთან და არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;

         

        მუხლი 3. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის პრინციპები და მნიშვნელოვანი ფაქტორები

        მოსწავლის სასკოლო პროცესში ადაპტაციისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები:

        ა) მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი;

        ბ) უფროსი და-ძმის გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

        გ) სასწავლო დატვირთვის ინტენსივობა და საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე - ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. განსაკუთრებით კი სწავლების საწყის ეტაპზე. აღნიშნულმა არ უნდა დააზიანოს მოსწავლის თვითშეფასება და არ უნდა უბიძგოს მას ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც ხელს შეუშლის მისი აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბებას;

        დ) იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც გააჩნიათ ენობრივი ბარიერი ან კულტურული განსხვავებულობა, აუცილებელია, მასწავლებელმა მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. ამ დროს, განსაკუთრებით დიდია კლასის დამრიგებლის როლი. მან უნდა სცადოს, რომ თუნდაც თარგმანის გამოყენებით, გააცნოს მოსწავლეებს კონკრეტული კულტურის ზოგადი მახასიათებლები მათთვის საინტერესო კუთხით, გამოხატოს პატივისცემა იმ კონკრეტული კულტურის მიმართ, დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია მოსწავლესთან და წაახალისოს სხვა თანაკლასელებიც, ჩართონ იგი საერთო აქტივობებში, როგორიცაა ჯგუფური დავალებები, სხვადასხვა სახის თამაშები და ა.შ.

        ე) დამრიგებლის როლი - იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყარონ კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჯგუფურ დავალებებს, თამაშებს და სხვა ისეთ აქტივობებს, სადაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები და ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია.

        ვ) მშობლის ფაქტორი - მოსწავლის სკოლაში ადპტაციისათვის უმნიშვნელოვანესია  მშობლის ჩართულობა. უმეტესად, მოსწავლის დეზადაპტაციის ნიშნები სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სკოლაში. ამდენად, მოსწავლის მშობელი მყისიერად უნდა იქნას ინფორმირებული მოსწავლის ადაპტაციისა თუ დეზადაპტაციის ტემპების შესახებ, რათა დროულად იქნას დეზადაპტაციის ნიშნები გამოვლენილი და მოსწავლეს გაეწიოს შესაბამისი დახმარება;

        ზ) ფსიქოლოგის როლი - იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს გამოუვლინდება დეზადაპტაციის ნიშნები, სასურველია მოსწავლის ფსიქოლოგთან გასაუბრება.

        თ) საორიენტაციო ვიზიტი - სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან პირველივე დღეს უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს დათვალიერება, გაცნობა, მოსწავლისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მიწოდება.

         

        მუხლი 4. პირველკლასელთა ადაპტაცია

        1. პირველკლასელთა მიღებამდე სკოლის ფსიქოლოგი ახორციელებს სასკოლო მზაობის შემოწმებას. სპეციალური კითხვარის მეშვეობით ხდება ბავშვის უნარების შემოწმება.
        2. სასკოლო მზაობისთვის მოსწავლეს მინიმალურად მაინც უნდა ჰქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული აქტივობების შესრულება, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, გაფერადება და. ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება და სოციალური ადაპტაცია. შესაძლოა, მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის. ამასთან, სხვა და სხვა მიზეზის გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობის დონითაც. პირველკლასელი მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე, უჭირს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს.
        3. პირველ კლასელის ადაპტაციისათვის პირველ რიგში, სასურველია ბავშვისთვის სკოლის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდება. ეფექტურია ბავშვთან ერთად ვიზიტის განხორციელება სკოლაში და გარემოს მონახულება, კომუნიკაციის დამყარება დამრიგებელთან და სხვა მასწავლებლებთან. აღნიშნული ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და სკოლა ბავშვს უნდა დახვდეს მომზადებული. სკოლაში ვიზიტის დროს, საკლასო ოთახის, ეზოს და სპორტდარბაზის მონახულებასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბავშვისთვის სკოლის სველი წერტილების გაცნობა. ბავშვების უმრავლესობას სკოლაში მისვლამდე არ აქვთ სკოლის მსგავსი სველი წერტილის გამოყენების გამოცდილება და შესაბამისად, სასწავლო პროცესში ექმნებათ სირთულეები.
        4. მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლისა და დამრიგებლის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები (ეს შესაძლებელია განხორციელდეს თამაშით, მოსწავლისათვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებით) წახალისებით, დაამყარონ კომუნიკაცია თანაკლასელებთან, იმუშაონ ჯგუფურად და ა.შ.

         

        მუხლი 5. სსსმ მოსწავლეთა ადაპტაცია

        1. სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ადაპტაციისთვის საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ-ემოციური, წინა აკადემიური, უნარების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებურებების და პიროვნული მახასიათებლების ცოდნა. სკოლამ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ბავშვის ოჯახთან თანმიმდევრული კომუნიკაციით. ობიექტურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოს მორგების რეკომენდაციები.
        2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეგისტაციის შემთხვევაში, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები (მაგალითად ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საჭიროებები), რათა მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თავისუფლად გადაადგილება.
        3. რიგ შემთხვევებში, შეიძლება გამოიკვეთოს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების მობილიზების საჭიროებაც (ფსიქოლოგი, ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი და სხვა). აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უნდა მოხდეს სათანადო სპეციალისტების შერჩევა.
        4. მნიშვნელოვანია, სკოლის მხრიდან მშობლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, თუ რა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ სკოლაში, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორ მოხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლება და სხვა.

         

        მუხლი 6. მობილობით გადმოსული მოსწავლის ადაპტაცია

        1. კლასის დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს კლასის მასწავლებლებს და მოსწავლეებს;
        2. დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა საჭირო შიდა აქტებს, ასევე, სკოლაში ქცევის ზოგად წესებს და უსაფრთხოების ინსტრუქციებს;
        3. ახალი მოსწავლეს პირველივე გაკვეთილზე (ან დასვენებაზე) დამრიგებელი აძლევს საკუთარი თავის წარდგენის საშუალებას;
        4. სკოლა უზრუნელყოფს ახლადჩარიცხული მოსწავლისათვის სასკოლო გარემოს დათვალიერებას (სააქტო დარბაზის, ლაბორატორიების, კაბინეტების, ეზოს და სხვა ტერიტორიების გაცნობას);
        5. დამრიგებელი მუდმივ კომუნიკაციაშია ახალ მოსწავლესა და მის მშობელთან და იგებს მოსწავლის განწყობას სასკოლო ცხოვრების შესახებ.
        6. სასურველია სასწავლო წლის დასაწყისში მოეწყოს სასწავლო შემეცნებით ექსკურსიები, სადაც არაფორმალურ გარემოში, თამაშითა და სხვა აქტივობებით მოხდება ახალ ჩარიცხულ მოსწავლეთა უკეთ გაცნობა და თანაკლასელებთან დაახლოება.

         

        მუხლი 7. საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ადაპტაცია

         

        7.1 მე-7 კლასი დაწყებითი განათლების საფეხურიდან საბაზო განათლების საფეხურზე, ხოლო, მე-10 კლასი საბაზო განათლების საფეხურიდან საშუალო განათლების საფეხურზე გადასვლის დასაწყისია. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების ეტაპია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს: დამრიგებლის ცვლა, ახალი საგნებისა და მასწავლებლების გაცნობა, ახალი დღის რეჟიმი, დამატებითი პასუხისმგებლობები და სხვა.

        7.2 დამრიგებლების როლი ამ პროცესში გადამწყვეტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსწავლეები ამ ასაკში განსაკუთრებით არიან მგრძნობიარე ყველაფერი იმის მიმართ, რაც მათ განსხვავებულს ხდის. შესაბამისად, მნიშნელოვანია რომ ტრანზიციის პროცესზე მუშაობა იყოს მოქნილი და მრავალფეროვანი: როგორც კლასთან, ასევე მცირე, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფთან ერთად ან/და ინდივიდუალურად.

        7.3 ტრანზიციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის რეკომენდებულია, რომ დამრიგებელმა სადამრიგებლო საათის დროს  ხაზი გაუსვას მომავალი ცხოვრების დაგეგმვის პროცესის წამოწყებას, გააცნოს მოსწავლეებსა და მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ტრანზიციის პროცესის აქტუალობა. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე, რაც პირდაპირ კავშირშია ტრანზიციის პროცესთან: მოსწავლის პიროვნული და მორალური განვითარება, თვალსაწიერის გაფართოება, მეწარმეობის უნარების განვითარება და ა.შ.

        7.4 საბაზო/საშუალო საფეხურის მასწავლებლები მუშაობისას უნდა ეყრდნობოდნენ პრინციპს - მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა, პოტენციური ძალების ამოქმედება, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.

         

         

        მუხლი 8. მოსწავლეთა მიღება, სწავლის დაწყების პირველი დღე

         

        სასწავლო წლის დაწყებისას პირველ დღეს სასწავლო პროცესი ტარდება განსხვავებული ფორმატით. სკოლის ეზოში ეწყობა საზეიმო დახვედრა. აღნიშნული ღონისძიების/აქტივობის მიზანია სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით მოსწავლეების უკეთ გაცნობა და დაახლოება.

         

        მუხლი 9. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები

         

        სასკოლო პროცესთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნებია, თუ მოსწავლე:

        ა) მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;

        ბ) სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;

        გ) სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;

        დ) დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;

        ე) სიამოვნებს სკოლაში წასვლა და სკოლისათვის მზადების პროცესი;

        ვ) მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;

        ზ) არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.

         

        მუხლი 10. რეკომენდაციები მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას

         

        1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მშობელს და განემარტოს, რომ მოსწავლეს არ გააჩნია დეზადაპტაციის ნიშნები.
        2. მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას არ არის საჭირო დამატებითი სპეციალური ღონისძიებების გატარება. თუმცა, აუცილებელია, მოსწავლე წახალისდეს პოზიტიური კომენტარებითა და შექებით.

         

        მუხლი 11. დეზადაპტაციის ნიშნები

        დეზადაპტაციის ნიშნებია:

        ა) მოსწავლის სწრაფად და ხშირად გადაღლა;

        ბ) მოსწავლის აშკარად გამოხატული სურვილი, არ წავიდეს სკოლაში;

        გ) მოსწავლე შესაძლოა ხშირად უჩიოდეს თავის ტკივილსა და უმადობას;

        დ) მოსწავლეს უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;

        ე) მოსწავლეს არ ჰყავს მეგობრები სკოლაში;

        ვ) მოსწავლე ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მასწავლებლების მოთხოვნების მიმართ;

        ზ) მოსწავლე თავს არიდებს თანაკლასელებთან კონტაქტს;

        თ) მოსწავლეს უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ/არ იცავს სასკოლო წესებს;

        ი) მოსწავლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესზე სრულყოფილად დასწრების თავის არიდება/საგაკვეთილო პროცესიდან გათავისუფლების ხშირი მცდელობა.

                

        მუხლი 12. დეზადაპტაციის პროცესისას განსახორციელებელი ღონისძიებები

         

        1. დეზადაპტაციის პროცესისას მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნას მოსწავლის სასკოლო პროცესში ჩართულობის პროცესი, რასაც უნდა მოყვეს მშობლის დაუყოვნებლივი შეტყობინება და პროცესში ჩართვა.
        2. ადაპტაციის პროცესში შესაძლებელია ჩართულ იქნას სკოლის ფსიქოლოგი. ფსიქოლოგმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამართოს გასაუბრება როგორც ინდივიდუალურად მოსწავლესთან, ისე დამრიგებლის თანდასწრებით მშობელთან. ასევე, ფსიქოლოგმა კლასთან გარკვეული აქტივობის ჩატარების გზით უნდა სცადოს მოსწავლეების დაახლოება.
        3. აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში ხელი შევუწყოთ მოსწავლეს, ირწმუნოს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები.
        4. კლასის დამრიგებლის მხრიდან მშობელს უნდა განემარტოს, რომ მოსწავლის წარუმატებლობამ არ უნდა გააღიზიანოს იგი. ამ დროს მოსწავლეს სჭირდება პოზიტიური განწყობები და რაც შეიძლება ნაკლები სტრესი. ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად რეალური შედეგისა, შესაძლებელია მოსწავლე იქნას წახალისებული დადებითი კომენტარებით და შექებით.
        5. სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. მოსწავლის დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის დღის რეჟიმის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ ნაშუადღევს. გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა რჩებოდეს დრო თამაშისთვის, გართობისათვის, მისთვის საინტერესო მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად, სასეირნოდ, სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის და ა.შ.
        6. მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ მოსწავლე კვირის რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავოს ფიზიკური აქტივობით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის სტრესის დონის კლებასა და სიჯანსაღეს.
        7. მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ არავის შეადაროს საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება მოსწავლეს დავაკარგვინოთ საკუთარი თავის რწმენა და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ მოსწავლის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან და სასურველია, თუ ეს მოხდება მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში.

         

        მუხლი 13. წინამდებარე დოკუმენტის გაცნობა

         

        13.1  სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ადაპტაციის წესის გაცნობას სკოლაში დასაქმებული პირებისათვის.

        13.2  სკოლა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს განუმარტავს მოსწავლეთა ადაპტაციის პრინციპებს.

         

        მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

        14.1    წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებული და დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ბრძანებით.

        14.2  დოკუმენტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად